სიახლეები
18 ივნისი, 2019
ძალიან კარგი ამბავი ჩვენი სკოლის გულშემატკივრებისათვის: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა...
18 ივნისი, 2019
მეექვსე საავტორო სკოლაში, სასწავლო წლის ბოლო დღეს, მოსწავლეების მიერ ორგანიზებული...
ცივილიზაციათა დიალოგი
საავტორო  პროგრამის სახელწოდება - ცივილიზაციათა დიალოგი 
პროგრამის ხელმძღვანელი - რუსუდან მეგრელიშვილი
ასაკობრივი ჯგუფი: X-XI-XII კლასები.


პროგრამის მიზნები:

 მოსწავლეთა აზროვნების დიაპაზონის გაფართოება. 
 ახალგაზრდების ინტეგრაცია კლასიკურ თუ თანამედროვე მსოფლიო და ქართულ ლიტერატურულ პროცესებში. 


საავტორო პრინციპი:

პროგრამა წიგნის კითხვაზე, პრაქტიკულ  მუშაობაზეა ორიენტირებული, რომელმაც უნდა ჩამოაყალიბოს არა პასიური მკითხველი ან მცოდნე ამა თუ იმ მწერლის შემოქმედებისა, არამედ გემოვნებიანი, მოაზროვნე, ესთეტი, ინტელიგენტი. ამიტომ, უმეტესად, მოსწავლეები საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას თუ მათთვის ნაცნობ ინფორმაციებს, ისტორიებს უსადაგებენ წაკითხულსა თუ განცდილს. სხვადასხვა ჟანრის თხზულების (ესე, ნარკვევი, ჩანახატი, ლიტერატურული კომპოზიცია) შექმნით, ინტელექტუალური დიალოგით, ზეპირი მოხსენებებითა და სამეცნიერო დისკუსიების წარმართვით ახდენენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას.
მოსწავლეს უვითარდება ინდივიდუალური დამოკიდებულება მარადიულ და დღევანდელობისთვისაც აქტუალურ ზნეობრივ ღირებულებებთან, რომლებიც უმთავრესი იყო, არის და იქნება ყველა დროსა და სივრცეში, ეთნიკურ თუ რელიგიურ სამყაროში. მან უნდა შეძლოს კომუნიკაცია (დიალოგი) კულტურათა შორის (ანტიკურობიდან XXI საუკუნემდე) და საკუთარი პიროვნების სწორედ ამ ჭრილში გააზრება.
მუშაობის მთავარი ამოსავალი წერტილი თანაგანცდაა, ადამიანურ ურთიერთობათა ხელოვნების აღქმა, რომლის იმპულსიც ხელოვნებიდან მოდის. სხვადასხვა სივრცისა და დროის კულტურასთან ზიარებით ახალგაზრდა ხდება უფრო ემპათიური, ტოლერანტული, ჰუმანური.

პროგრამის აღწერა:

მიზნებიდან გამომდინარე, სწავლება მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით:
 ქართული და უცხოური ლიტერატურული ნიმუშების გაცნობა (ანტიკურობიდან XXI საუკუნემდე). 
 შემოქმედებითი კითხვა (ტექსტის ჰერმენევტიკა, კითხვა პაუზებით).
 დისკუსია, დებატი.
 კინოფილმების/დოკუმენტური ფილმების ჩვენება შესაბამის თემასთან დაკავშირებით.
 თეატრალურ სპექტაკლებზე დასწრება (თემის შესაბამისად).
 მუშაობა ლიტერატურულ თარგმანზე.
 მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციების მოწყობა.
 მუშაობა ქართული პრესის მიხედვით (მოსწავლეთა საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება პრესაში, 5-6 ყოველწლიურად).
 ელექტრონული და ბეჭდვითი ჟურნალების გამოცემა.
 მუშაობა სხვადასხვა შინაარსის ტექსტის შექმნის ტექნოლოგიაზე.
 აუდიტორიასთან მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება.

მოსალოდნელი შედეგები: 

 მოსწავლეს უყალიბდება თანამედროვე, პროგრესული აზროვნების წესი. 
 მოსწავლე შეძლებს დააკავშიროს წარსული და დღევანდელობა, სხვადასხვა ქვეყნის კულტურა და რელიგიური მიმართულებები. განაწყობს მას უფრო ტოლერანტულად, ადაპტირებულს ხდის თანამედროვეობასთან. აყალიბებს მის, როგორც მომავლის მოქალაქის სახეს. 
 მოსწავლეს უმუშავდება საკვლევ მასალასთან დამოუკიდებელი მიდგომის უნარი, ინდივიდუალურ ჭრილში პრობლემის გააზრების კულტურა, წერითი მეტყველების ჩვევა, აუდიტორიასთან უშუალო დამოკიდებულების კონტაქტის უნარი. 
 მოსწავლე უფრო ღრმად და კარგად ეცნობა ადამიანს თავისი ავ-კარგით, შეცდომით, ტკივილით, გმირობით, სისუსტით. უკეთ იმეცნებს სამყაროს, ხდება უფრო კომუნიკაბელური, ნაკლებ აგრესიული. 
 მოსწავლეები უფრო მჭიდროდ უკავშირდებიან წიგნს. აზროვნების წესად აქცევენ იმ ღირებულებებს, რომელიც ლიტერატურას, ხელოვნებას შეუქმნია. ლიტერატურა ხდება საერთო სააზროვნო და საკომუნიკაციო ენა, საერთო ფიქრის საგანი.

პროგრამა მოიცავს 22 თემატურ ციკლს.

რამდენიმე ნიმუში თემატური ციკლებიდან: 

1. თემატური ციკლი: „თავისუფლების ფენომენი, ანუ „მე არ გავცვლიდი ამ ჩემ ტანჯვას შენს მონობაზე“ (ესქილე - „მიჯაჭვული პრომეთე“, ამირანის მითი, ბერძნული მითოლოგიური პარალელები, ნიკოლოზ ბარათაშვილი - „მერანი“).

2. თემატური ციკლი: „ტოტალიტარიზმი“ (გრიგოლ რობაქიძე - „ჩაკლული სული“, ჰაინრიხ ბიოლი „კლოუნის თვალთახედვა“, ჯ. ორუელი „ცხოველების ფერმა“, „1984“, დოკუმენტური ფილმის, „1937 წელი“,  ჩვენება. ფილმი I-II-III-IV-VII).

3. თემატური ციკლი: „მტრობა და სიყვარული“ (უილიამ შექსპირი - „რომეო და ჯულიეტა“, უილიამ შექსპირი - 66-ე-67-ე სონეტები, ვაჟა-ფშაველა - „სტუმარ მასპინძელი“,  მხატვრული ფილმი „რომეო და ჯულიეტა“, რეჟ. ფრ. ძეფირელი). 

4. თემატური ციკლი: „ორი სიმართლე, ანუ სახელმწიფოსა და ადამიანური კანონები“ (სოფოკლე - „ანტიგონე“, ვაჟა-ფშაველა - „სტუმარ-მასპინძელი“, ჭაბუა ამირეჯიბი -„დათა თუთაშხია“ (შერჩეული ფრაგმენტები), ფრაგმენტები ბერძნული მითოლოგიიდან, თებეს ციკლი). 

5. თემატური ციკლი: „ექსტრემალური სიტუაცია და პიროვნება“ (რ. აკუტაგავა - „ეჭვი“, „რასიმონის კარიბჭე“, გი დე მოპასანი - „დუელი“, ო. ჰენრი - „ჯიმი ვალენტინის კათარზისი“, ალ. ყაზბეგი - „ხევისბერი გოჩა“).


     


უკან