სიახლეები
18 ოქტომბერი, 2018
მეექვსე საავტორო სკოლის უფროსკლასელები 10-დან 17 ოქტომბრამდე გერმანიაში, მიუნჰენში წმინდა...
07 სექტემბერი, 2018
  24 და 25 აგვისტოს, ფრანკფურტში, „რივერ ბენქის“...
მისია და ღირებულებები

მეექვსე საავტორო სკოლის მისიაა აღზარდოს მოსწავლეები ქართული სულისკვეთებითა და ევროპული ჰუმანიზმის იდეებით, აგრეთვე, შესძინოს მრავალმხრივი ცოდნა, უნარები და ფასეულობები, რომლებიც მათ აქცევს საზოგადოების აქტიურ წევრებად, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და დემოკრატიული ღირებულებების მატარებელ მოქალაქეებად. ჩვენთვის არსებითია ისეთი მომავალი თაობების აღზრდა, რომელთაც ექნებათ ურყევი ეროვნული ცნობიერება, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები და ღრმა ინტელექტუალური საფუძველი.

სკოლა საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს შექმნას ოპტიმალური პირობები თითოეული მოსწავლის ნიჭისა და უნარის გამოსავლენად. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დისციპლინების სწავლებასთან ერთად, სკოლაში ხორციელდება საავტორო პროგრამები.

მეექვსე საავტორო სკოლის სწავლებასა და აღზრდის სისტემას საფუძვლად უდევს პროფესორ გურამ რამიშვილის ენათა კოორდინირებული სწავლებისა (გ. რამიშვილი, ,,დედაენის თეორია“ 2006 წ.) და კულტურათა დიალოგის კონცეფცია. გათვალისწინებულია, ასევე, ქართული კლასიკური პედაგოგიკისა (ი.გოგებაშვილი, პესტალოცი, დ.უზნაძე) და ლინგვისტიკის (ვ.ჰუმბოლტი, გ.ახვლედიანი, გ.რამიშვილი) დიდი ტრადიცია. 

"ჩვენი სკოლა არის ქართული სკოლა, რომელიც ეფუძნება ქართული ტრადიციული პედაგოგიკის პრინციპებს. ბავშვი, რომელიც მოვა ამ სკოლაში, პირველ რიგში, აღიზრდება ქართული კულტურის მატარებლად და მას შეეძლება, მარტივად რომ ვთქვათ, რუსთველის სიმაღლიდან ესაუბროს გოეთეს სიმაღლეზე გაზრდილ ადამიანს" -  ამირან (პაკო) სვიმონიშვილი.

სკოლა იღებს ვალდებულებას შექმნას ოპტიმალური პირობები თითოეული მოსწავლის ნიჭისა და უნარების გამოსავლენად.  ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა ხელი შევუწყოთ მათ ჩამოყალიბებას მყარი ცნობიერების თავისუფალ პიროვნებებად. 

სწავლების მეთოდები მორგებულია თითოეული მოსწავლის საჭიროებებზე და აძლევს მათ საშუალებას მაქსიმალურად გამოხატონ საკუთარი ინტერესები, პოტენციალი და ინდივიდუალიზმი. 

ინკლუზიური განათლება 

ინკლუზიური განათლების პროგრამა „ვსწავლობთ ერთად“ ეხმარება განსაკუთრებული საჭიროებების ბავშვებს გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, სთავაზობს მათ მაქსიმალურად მეგობრულ და მოქნილ გარემოს. 

ურთიერთობები 

ჯანსაღი ურთიერთობები მეექვსე საავტორო სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება და ამავდროულად მონაპოვარია. არსებობის მანძილზე სკოლამ შექმნა გამორჩეული, უნიკალური ერთობა მოსწავლეთა სხვადასხვა თაობებს შორის. 

უდიდესი ყურადღება ექცევა მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობას, მთავარი მოსწავლეთა და მასწავლებელთა ურთიერთობაში არის იმის აღქმა, რომ პიროვნებას პიროვნებასთან აქვს კავშირი. რომელშიც მასწავლებელი ერთის მხრივ, პედაგოგი, ხოლო მეორეს მხრივ, ბავშვის მეგობარია.  

მიმდინარობს მუდმივი მუშაობა მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე, მასწავლებლებში კომუნიკაციის, მოტივაციის, კონსტრუქციული უკუკავშირის უნარების განმტკიცებაზე.