სიახლეები
13 მარტი, 2023
ჩვენი სკოლა უკვე PASCH-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა! ...
02 მარტი, 2023
მეექვსე საავტორო სკოლაში 24 და 28 თებერვალს ორ ასაკობრივ კატეგორიაში:VI-VIII და IX-XII კლასელებს შორის ცნობილი სატელევიზიო თამაშის - „რა სად როდის“ ტიპის ღონისძიება: „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.    ...
ფოლკლორი და მითოლოგია
პროგრამის ზოგადი მიმოხილვა:

ხალხური მხატვრული შემოქმედება ფასდაუდებელი სიმდიდრეა, რომელშიც თავმოყრილია უზარმაზარი სიბრძნე. საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება დაწურული და რაფირინებული სახით (სიმბოლოების ენით) სწორედ ფოლკროლშია აღბეჭდილი. ქართული გენია განსახიერებულია ხალხურ ლექსში, ლეგენდაში, მითში, გადმოცემასა თუ ზღაპარში. არ ვიცით, როდის ან ვის მიერ იშვა ქართული ფოლკლორის ესა თუ ის გასაოცარი ძეგლი. მხოლოდ ესაა, მისი სათავე საუკუნეებს იქით იკარგება. `დიდი გზნებისა და ფანტაზიის ქვეყანა~ უწოდა ვახტანგ კოტეტიშვილმა ხალხურ ზღაპრებს ლეგენდებს მითებს ანდაზებს – ხალხური გენიის მშვენიერ ნაყოფს.

მითოლოგია და ფოლკლორი ეთნოკულტურათა და ეთნოფსიქოლოგიის შესწავლის უნივერსალური გზამკვლევია. სწორედ მითოსური აზროვნება წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიის ერთგვარ პირველსახეს, რომელშიც აისახება წუთისოფლის შეცნობისა თუ გააზრების უმთავრესი ასპექტები. მითოსურ არქეტიპთა პარალელური სახეები დამოუკიდებლად ვითარდება ფოლკლორში და სრულიად სპეციფიკურ ინტერპრეტაციებს გვთავაზობს. მითოლოგიისა და ფოლკლორის გარეშე (I ეტაპი ასოციაციური აზროვნებისა...) წარმოუდგენელია ლიტერატურული ნაწარმოების ინტერტექსტუალური ანალიზი. მეტიც, მითოსისა და ფოლკლორული ტექსტების გაუთვალისწინებლად შეუძლებელია თანამედროვე მწერლობის კონცეპტუალური გააზრება. ეს კი მოითხოვს დაუფლებას სიმბოლოთა ენისა, რომელიც ისევე ძველია, როგორც კაცობრიობის ისტორია

. საავტორო პროგრამა მოიცავს როგორც ზეპირსიტყვიერ, ასევე თანამედროვე და ქართული კლასიკური ლიტერატურის ნიმუშებსაც. შერჩეული პროგრამა იძლევა ინტერპრეტაციის, ანალიზისა და სინთეზის საშუალებას. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საკუთარი დამოკიდებულება გამოხატონ ფოლკლორული, მითოლოგიური თუ ლიტერატურული ტექსტების თემატიკის შესახებ და შეაფასონ ტექსტში დასმული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემები. პროგრამით გათვალისწინებული ლიტერატურული თუ ფოლკლორული ტექსტების შესწავლისას მოსწავლე აცნობიერებს სხვადასხვა ნაწარმოების სტრუქტურას, ჟანრს, ფორმას და ა. შ. შერჩეული ტექსტები იძლევა დისკუსიის, არგუმენტირებული მსჯელობისა და თვალსაზრისთა შეჯერების საშუალებას. ყოველივე ეს კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებასთან ერთად სამეტყველო ლექსიკის გამდიდრებასაც ემსახურება.


საავტორო პროგრამის მიზანია:
განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) და გამოუმუშაოს წერითი თუ ზეპირი მეტყველების კულტურა
განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანმიმდევრობით გადმოცემის უნარი
ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარი, შეაყვაროს კითხვა
გამოუმუშავოს ლიტერატურის, როგორც სიტყვიერი ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის,აღქმისა და გაცნობიერების უნარი

 
სწავლების შედეგები:
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მოსწავლე შეძლებს:
 
ტექსტის ინტერპრეტაციას და ანალიზს; ტექსტში გადმოცემულ ამა თუ იმ მოვლენის ღირებულებით შეაფასებას; კულტუროლოგიური ხედვის დიაპაზონის გაფართოებას
ფოლკლორულ და ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული პრობლემატიკის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვასა და პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბებას
არგუმენტირების უნარის გამომუშავებას, ინდივიდუალური და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას
ამა თუ იმ მწერლის ნაწარმოებებში ფოლკლორული, მითოლოგიური სიუჟეტის ამოცნობას; მითოლოგიური სიუჟეტების გამიჯვნას ორიგინალური სიუჟეტებისაგან 




სწავლებისა და სწავლის მეთოდები: 

ლექციური, დისკუსიური, ჯგუფური, პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება, თანამშრომლობითი, გონებრივი იერიშის, როლური თამაშების დემონსტრირების ინდუქცია-დედუქციის, ახსნა-განმარტებითი, ქმედებაზე ორიენტირებული სწავლის მეთოდები. საშინაო დავალების შესრულებით მოსწავლე გამოავლენს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევებს და დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარს. საშინაო დავალებასთან ერთად სწავლის პერიოდში გათვალისწინებულია შემაჯამებელი და საკლასო დავალებების შესრულება


ძირითადი თემატიკა:

  ასტრალური სამყარო და მნათობთა მითოლოგიური თუ ლიტერატურული `ნათება~. (უძველესი ქართული ღვთაებები _ მზე, მთვარე და ვარსკვლავები)
მითოსური წარმოდგენა სამყაროსა და ღმერთებზე (მორიგე ღმერთი, ბარბალე, კვირია, ელია-ლაზარე, ოჩოპინტრე, დალი, ხელსამძირავი, ადგილის დედა, ხეთა თაყვანისცემა, მინდორთ ბატონი და მისი ასული, იგრისი, ოროველა, აგუნა)
სამყაროს ბოროტი ძალები (დევები, ქაჯები, ალები, ჭინკები)
ბოროტ ძალებთან მებრძოლი ღვთისშვილები, გმირები და ღვთაებათა თანაშემწეები (ღვთისშვილთა დაბადება, ბერი ბუქნაი, ბაადური, თერგაულ-თერგვაული, კოპალა, იახსარი, პირქუში, ლაშარელა, ღვთისშვილთ თანაშემწენი)
ნაყოფიერების ღვთაებანი. გრძნობის ფოლკლორული თუ ზღაპრული ფენომენი; მითოსური გრძნობების ადაპტაცია მხატვრულ აზროვნებაში
ზოომორფული მითოსული არქეტიპები და მათი შესატყვისი ინტერპრეტაციები ლიტერატურაში
ფერთა სამყარო, ზღაპრები, მითები, ხალხური პოეზიის ფერთამეტყველება
მითოსური გმირი. ზღაპრული მზეჭაბუკი და "კაი ყმა"
ხალხური საგმირო ეპოსი "ამირანიანი" და მისი ანარეკლი ქართულ ლიტერატურაში
ფაუსტური პარადიგმა ხალხურ რომანტიულ ეპოსში "ეთერიანი" და ვაჟა ფშაველას პოემაში "ეთერი"
სიკვდილი და იმქვეყნიური ქტონური სამყარო, წუთისოფლის შეცნობა
ბედი და ბედის მდევარი მითოსურ და ფოლკლორულ აზროვნებაში
დიდაქტიკური მოტივი ფოლკლორში და მისი მხატვრული ინტერპრეტაცია ლიტერატურაში. იგავისა და არაკის ლიტერატურული ნარატივი
ეპოსი თავისი ჟანრებითა და სახეებით (მითი, გადმოცემა, ლეგენდა, ანდრეზი, ზღაპარი, ბალადა, შელოცვა, სადიდებო, ფიცი, წყევლა, იგავი, ანეკდოტი)
ლირიკა (შრომის ლექსი, კალენდარული, მაყრული, ხმით ნატირალი, ეპიტაფია, ქება, ელეგია, გაბაასება, კაფია, გალექსება, საგმირო ლექსი, სატრფიალო, შაირი, აფორიზმი, სიტყვის მასალა, გამოცანა, ზმა)
დრამა და მისტერია (წარმართული, ქრისტიანული). სანახაობანი (ფერხისი, ბერიკაობა, ყეენობა, ლაზარობა)
ისტორიული ცნობები ქართულ ზეპირსიტყვიერებაზე
ქართველი მწერლები და ხალხური შემოქმედება (ილია, აკაკი, ვაჟა, ყაზბეგი, გოგებაშვილი)
ვაჟა-ფშაველას მითოსური სამყარო
თევდორე მღვდლის მხატვრული სახე ფოლკლორსა და თანამედროვე ქართულ პროზაში



უკან