Kidba
Pen

სკოლაში ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერება-შეწყვეტის მექანიზმები და პროცედურები

დამტკიცებულია

შპს მეექვსე საავტორო სკოლის

დირექტორის მიერ



მოსწავლის ჩარიცხვის,  საფეხურის დაძლევის, მობილობის,

სტატუსის შეჩერების/აღდგენისა და შეწყვეტის წესი

 

  მუხლი 1. მოქმედების სფერო

წინამდებარე წესი არეგულირებს შპს მეექვსე საავტორო სკოლის (შემდეგში „სკოლა“) მოსწავლის ჩარიცხვის, პარალელურ კლასებში მოსწავლეთა განაწილების,  საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერების/შეწყვეტისა და აღდგენის  წესებსა და პროცედურებს.

მუხლი 2. მოსწავლის ცნება

მოსწავლე არის პირი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩაირიცხა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და სწავლობს სკოლაში.

 

მუხლი 3.  მოსწავლის  სტატუსის მოპოვება - პირველ კლასში ჩარიცხვა

 

  1. სკოლის პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს.
  2. პირველ კლასში მოსწავლის რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში;
  3. მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელია, სკოლის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა სკოლაში წარადგინოს შემდეგი საბუთები:

3.1. განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;                                                                                                                      

3.2. ბავშვის  ფოტოსურათი (3X4);

3.3. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

3.4. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ბინადრობის მოწმობის ანდა პასპორტის ასლი;

3.5. მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;  

3.5 ჯანმრთელობის ცნობა ფორმა N100;

  1. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, განცხადებას აგრეთვე უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
  2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული რეგისტრაციისა და ჩარიცხვის ვადების გასვლის შემდეგ შესაძლებელია განხორციელდეს მოსწავლის პირველ კლასში განსხვავებულ ვადებში ჩარიცხვა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანხმობით, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში. რესურსცენტრის თანხმობით მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემებს და შესაბამის ბრძანებას სკოლა ასახავს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
  3. მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შეიძლება უარი ეთქვას ბავშვის სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აჭარბებს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულ კლასში მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობას.
  4. სასწავლო წლის დაწყებამდე, ჩარიცხული მოსწავლეების გათვალისწინებით პირველი კლასების დაკომპლექტება (მოსწავლეების გადანაწილება) ხდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.
  5. სკოლაში მოსწავლის რეგისტრაციისას მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია სკოლისა და მშობლის ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობები.
  6. სკოლაში მოსწავლის პირველ კლასში ჩარიცხვისას იხსნება პირადი საქმე.

 

მუხლი 4. სკოლაში (გარდა პირველი კლასისა) მოსწავლის ჩარიცხვა

  1. სკოლაში დაწყებითი (გარდა პირველი კლასისა), საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, სკოლაში არსებული თავისუფალი ადგილის შესაბამისად, მოსწავლეთა ჩარიცხვაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს - ბრძანებას მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის თაობაზე. სკოლა უზრუნველყოფს ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემების და შესაბამისი ბრძანების ასახვას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.
  2. სკოლაში სრული ზოგადი განათლების დაწყებით, საბაზო/საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) სრულწლოვანი მოსწავლის განცხადება, ხოლო არასრულწლოვანი მოსწავლის შემთხვევაში - მშობლის განცხადება, რომელიც მოიცავს ინფორმაციას: სკოლაში ჩასარიცხი პირის შესახებ, განმცხადებლის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი და ტელეფონის ნომერი, მოთხოვნა, განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხა; განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა.

  1. მოსწავლის ჩარიცხვის მიზნით წარმოდგენილ განცხადებას უნდა ერთვოდეს:

ა) არასრულწლოვანი მოსწავლის შემთხვევაში, თუ განმცხადებელი მშობელია, მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ იმ სახის განათლების მიღებას, რომელიც წინ უძღვის ჩასარიცხი კლასის განათლებას. პირი თავისუფლდება აღნიშნული ცნობის/დოკუმენტის წარმოდგენისაგან უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე, ცალკეულ კლასში ჩარიცხვის შემთხვევაში.

 

მუხლი 4. გასაუბრება

  1. VI-XII კლასის მოსწავლის ჩარიცხვისას სკოლის წარმომადგენელი ესაუბრება მოსწავლეებს. გასაუბრებისას ხდება ინტერესების სფეროს გამოკვლევა, ასევე მოწმდება ქართულში, უცხოურ ენებსა და მათემატიკაში ცოდნის დონე შესაბამისი კლასის მიხედვით.
  2. გასაუბრების მიზანია მოსწავლის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობის დადგენა, ცალკეულ საგანში/საგნებში მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საჭიროების განსაზღვრა.

 

მუხლი 6.  უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებით მოსწავლის ჩარიცხვა             

  1. ⁠უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების გათვალისწინებით მოსწავლის მისაღებად, მშობელმა/კანინიერმა წარმომადგენელმა პირველ რიგში, სკოლას განცხადებით უნდა მიმართოს მისი შვილის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისთვის;

2.⁠ ⁠მოსწავლის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების შესაბამისობის დადგენის მოთხოვნას თან უნდა დაურთოს:

ა) უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ქართულენოვან სანოტარო თარგმანთან ერთად;

ბ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი ან პასპორტის/დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში);

გ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის ან ბინადრობის მოწმობა ან პასპორტის ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

3.⁠  უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცედურა ⁠დაწყებით და საბაზო საფეხურზე:

3.1. მომართვის შემდგომ სკოლა ატარებს გასაუბრებას და/ან ტესტირებას სწავლების ენის ფლობისა და აკადემიური ცოდნის დონის დასადგენად;

3.2. წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე (მშობელთან/წარმომადგენელთან შეთანხმებით), სკოლა განსაზღვრავს ასაკის შესაბამის კლასს ან არაუმეტეს 2 კლასით დაბალ კლასს.

3.3. კლასის განსაზღვრასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილებას.

3.4. კლასის განსაზღვრის შედმდგომ, სკოლა ადგენს რემედიაციის პროგრამას მოსწავლის სოციალიზაციისა და ადაპტაციისთვის არაუმეტეს 2 სასწავლო წლის ვადით (თითოეული სასწავლო წლისთვის ცალ-ცალკე).

4.⁠ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცედურა საშუალო საფეხურზე:

4.1. საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელების მიზნით პირის ჩარიცხვა დასაშვებია მხოლოდ საბაზო განათლების დამადასტურებული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.

5.⁠  უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება საშუალო საფეხურზე საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში:

5.1. საშუალო საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომელთაც მოსწავლის სტატუსი შეჩერებული ჰქონდათ არაუმეტეს ერთი სასწავლო წლით სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებულ განათლებას უღიარებს

სკოლა;

5.2. იმ საგნების დაძლევა, რომელთა სასკოლო სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის დადგენაც ვერ ხერხდება სკოლის მიერ, განხორციელდება ინდივიდუალური გეგმით ან ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების გზით.

5.3. ინდივიდუალური გეგმით საგნების დაძლევა, დასაშვებია განხორციელდეს იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი კლასისთვის სასწავლო წლის დასრულებამდე დარჩენილია არანაკლებ 10 სასწავლო დღე. სხვა შემთხვევაში ამ საგნების დაძლევა ხორციელდება ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების გზით.

6.⁠ ⁠ჩარიცხვის ბრძანების საფუძველზე სკოლა მოსწავლეს ამატებს eschool.emis.ge-ს ბაზაში.

მუხლი 7. მობილობის უფლება

 

  1. მობილობის განხორციელების უფლება აქვს სკოლაში ჩარიცხულ ნებისმიერ მოსწავლეს.
  2. მობილობის უფლების განსახორციელებლად, მოსწავლეს უნდა ჰქონდეს აქტიური სტატუსი. თუ მოსწავლეს შეჩერებული აქვს სტატუსი სკოლაში, მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ან სრულწლოვანმა მოსწავლემ უნდა მიმართოს სტატუსის აღდგენის მოთხოვნით იმ სკოლას, რომელშიც სტატუსი აქვს შეჩერებული, ხოლო შემდეგ განხორციელდეს მობილობა.

მუხლი 8. მობილობა

 

  1. მოსწავლეების მობილობა შესაძლებელია განხორციელდესსკოლაში არსებული თავისუფალი ადგილების ფარგლებში.
  2. მობილობა დაუშვებელია პირველი სექტემბრიდან 01 ოქტომბრამდე და სასწავლო წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
  3. ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო - საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში - რესურსცენტრი) უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის მობილობის თაობაზე.
  4. მობილობის პროცესის დასრულების შემდეგ სკოლა ანაწილებს მოსწავლეს შესაბამის პარალელში და არსებობის შემთხვევაში, განაყოფში.

მუხლი 9. მობილობის დროს წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

  1. მოსწავლის მობილობის დროს წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

1.1. განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე, რომელიც უნდა შეიცავდეს ამ წესის მე-3 მუხლის მეორე პუნქტში მოცემულ ინფორმაციას.

1.2.  მოსწავლის პირადი საქმე/წინა კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;

1.3. ინფორმაცია საგნების მიხედვით მიმდინარე შეფასებისა და გაცდენილი საათების შესახებ (სასწავლო წლის განმავლობაში მობილობის დროს);

1.4. მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;                                                                                  

1.5. მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

1.6. მოსწავლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

1.7. მშობლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

1.8. სსსმ მოსწავლის მობილობით ჩარიცხვის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის დასკვნა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

  1. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
  2. მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულ კლასში მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობას.
  3. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია სკოლისა და მშობლის ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობები.

მუხლი 10. მოსწავლის სტატუსის შეჩერება

 

  1. სკოლავალდებულია მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში,  თუ:

ა)  მოსწავლე 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში/არ მონაწილეობს დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებში და არ იღებს შეფასებას;

ბ) მოსწავლე მიემგზავრება/გაემგზავრა საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას. სრულწლოვანი მოსწავლის შემთხვევაში თავად წერს განცხადებას;

გ) მოსწავლემ სკოლის 12-წლიან პერიოდში ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიღწევის დონე და არ შეიტანს სტანდარტული ვაუჩერის თანხის ეკვივალენტს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე.

დ) არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/სრულწლოვანი მოსწავლე  სკოლას მიმართავს სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებით. არასრულწლოვანი მოსწავლის სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებამდე სკოლა ვალდებულია მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალურ მუშაკთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეფერირების გზით, დაადგინოს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის მიზეზები. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი ვალდებულია, თავის მხრივ, მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს რეფერირება შესაბამის ორგანოში.

  1. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერებამდე, კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გარდა, სკოლა ვალდებულია გაატაროს პრევენციული ზომები. მათ შორის, თუ მოსწავლე ზედიზედ აცდენს მე-10 და მე-20 სასწავლო დღეს, კლასის დამრიგებელი ამზადებს წერილობით ანგარიშს, რომელშიც აღწერს მოსწავლის გაცდენის მიზეზების იდენტიფიცირების პროცესს, ასევე მის სასწავლო პროცესში ჩასართავად განხორციელებულ ღონისძიებებსა და მიღწეულ შედეგებს. აღნიშნული ანგარიში მოთხოვნის შემთხვევაში წარედგინება რესურსცენტრს.

თუ მოსწავლე ზედიზედ აცდენს 20 სასწავლო დღეს, და არ ხდება მისი ჩართვა სასწავლო პროცესში, სკოლა ვალდებულია, ფსიქოლოგთან ერთად, პროცესში ჩართოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). რეფერირებიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო დღის განმავლობაში, სოციალურმა მუშაკმა ოჯახში უნდა განახორციელოს ვიზიტი კლასის დამრიგებლის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შეუსრულებლობის მიზეზების დასადგენად და/ან უკვე მიღწეული შედეგების მდგრადობის შესაფასებლად.

  1. 3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჩერდება მოსწავლის სტატუსი და თუ საკითხის შესწავლის შედეგად გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი,  რომ მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობა/მონაწილეობის მიუღებლობა დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებში, გახდა მიზეზი არასრულწლოვანის სწავლის უფლების შეზღუდვისა, სკოლა მოქმედებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
  2. მოსწავლეს ავტომატურად უჩერდება სტატუსი, თუ სკოლას უარი ეთქვა ავტორიზაციაზე, გაუუქმდა ავტორიზაცია, ან გაუვიდა ავტორიზაციის ვადა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე, ხოლო მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ათი სამუშაო დღის განმავლობაში არ მიმართავს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის მოთხოვნით.
  3. მოსწავლის სტატუსის შეჩერება ხდება დირექტორის ბრძანებით და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მოსწვალის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს/სრულწლოვან მოსწავლეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
  4. მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ ბრძანებას და ინფორმაციას სკოლა ასახავს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

მუხლი 11. მოსწავლის  შეჩერებული სტატუსის აღდგენა

 

  1. მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა უნდა მიმართოს სკოლას, რომელმაც შეუჩერა მოსწავლეს სტატუსი ან მის უფლებამონაცვლეს.
  2. იმ შემთხვევაში, თუ სკოლამ შეწყვიტა საგანმანათლებლო საქმიანობა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე, მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა (სრულწლოვანი მოსწავლის შემთხვევაში მოსწავლემ), რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა, უნდა მიმართოს იმ სკოლას, სადაც სურს სწავლის გაგრძელება.
  3. მოსწავლეს აღუდგება მოსწავლის სტატუსი იმავე კლასში, სადაც შეუჩერდა სტატუსი.
  4. იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება მოსწავლის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომდევნო კლასის/კლასების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის ფაქტი, მას სტატუსი აღუდგება შესაბამის კლასში.
  5. მოსწავლის სტატუსის აღდგენა ხდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.
  6. მოსწავლის სტატუსის აღდგენის შესახებ ინფორმაცია სკოლამ უნდა ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, დირექტორის ბრძანების გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 12. სტატუსის შეწყვეტა დავალიანების გამო

 

  1. ფინანსური დავალიანების არსებობის შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობით გაფრთხილებას და განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას შესაბამისი ვალდებულების შესასრულებლად. აგრეთვე, განუმარტავს ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებს.
  2. წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, თუ მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა არ დაფარა სწავლის გადასახადი, სკოლა უფლებამოსილია ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვიტოს მოსწავლის სტატუსი მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულების შემდეგ, მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე. სკოლა მოსწავლისთვის მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღეს წერილობით ატყობინებს სამინისტროს და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს ამ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
  3. მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ სათანადო განცხადების წარდგენის შემდგომ სკოლა უზრუნველყოფს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ სათანადო განცხადების გატარებას.

 

მუხლი 13. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა

 

  1. კლასის დაძლევის საკითხები რეგულირდება სასკოლო სასწავლო გეგმით.
  2. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა ხორციელდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.
  3. კლასიდან კლასში გადასვლის შესახებ ინფორმაცია დადგენილი წესით აისახება მოსწავლის პირად საქმეში. დაძლეული კლასის განმეორებით გავლა დაუშვებელია.

 

 

მუხლი 14. საფეხურის დაძლევა

  1. საგნის საფეხურის ქულა - საფეხურის განმავლობაში თითოეულ კლასში მიღებული საგნის წლიური ქულის საშუალო არითმეტიკული;
  2. საფეხურის ქულა გამოითვლება საგნების საფეხურის ქულების საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე; საფეხურის ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით;
  3. საფეხურის დაძლევის საკითხები რეგულირდება სასკოლო სასწავლო გეგმით.

მუხლი 15. დასკვნითი დებულებები

 

  1. მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერების/აღდგენისა და შეწყვეტის წესს ბრძანებით ამტკიცებს სკოლის დირექტორი;
  2. წინამდებარე წესში ცვლილების შეტანა ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

 

 

 

გააზიარე: